რამდენი ლარით აფინანსებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებს და რამდენი ლარი იხარჯება ახალი წიგნების შესაძენად

394

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.

მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტში 13 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: შოთა რუსთაველის სახელობის, მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო, ლადო ასათიანის სახელობის, ერედის ნოდარ დუმბაძის სახელობის, ნატახტრის ვაჟა-ფშაველას სახელობის, მუხრანის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის, ძეგვის შიო-მხღვიმელის სახელობის, მისაქციელის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქსოვრისის აკაკი წერეთლის სახელობის, ქსნის ზვიად გამსახურდიას სახელობის, ნავაზის ოთარ ჭილაძის სახელობისა და  ძალისის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში ახალი ბიბლიოთეკა არ აშენებულა, არსებულიდან კი რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური ბიბლიოთეკები, როგორც ცენტრში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, ა(ა)იპ “მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის” დაქვემდებარებაშია და, როგორც მერია წერს, არსებული სუბსიდიიდან და საკუთარი შემოსავლებიდან ფინანსდება; შესაბამისად, წიგნების ფონდის განახლებაც ამ სუბსიდიაზე დამოკიდებული. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წიგნების განახლებას ყოველწლიურად 2 000-დან 5 000 ლარამდე ხმარდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტში 10 მოქმედი ბიბლიოთეკაა: ქ. დუშეთის მთავარი ბიბლიოთეკა, ქ. დუშეთის ფილიალი (საქალაქო), ფასანაურის, ჟინვალის, ანანურის, მაღაროსკარის,  ბარისახოს, ჭოპორტის, დავათისა და გრემისხევის ბიბლიოთეკები, ასევე, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ინოვაციის 2 ცენტრი: ჭოპორტისა და ფასანაურის ინოვაციების ცენტრები.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ერთი ახალი – დუშეთის (საქალაქო) ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელიც საზოგადოებრივ ცენტრშია განთავსებული. რაც შეეხება რეაბილიტაციას, მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში ის 4 ბიბლიოთეკას ჩაუტარდა. კერძოდ:

  • რემისხევის სასოფლო ბიბლიოთეკას, რომლისთვისაც 2 500 ლარი დაიხარჯა;
  • ბარისახოს სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც 2 800 ლარი დაიხარჯა;
  • მაღაროსკარის სასოფლო ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც 1 800 ლარი დაიხარჯა;
  • ჟინვალის სადაბო ბიბლიოთეკას, რომლისთვისაც 3 000 ლარი დაიხარჯა;

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ჯამში 805 378 ლარით დააფინანსა: 2018 წელს – 123 650 ლარით, 2019 წელს – 149 000 ლარით, 2020 წელს – 164 250 ლარით, 2021 წელს – 165 650 ლარით, ხოლო 2022 წელს – 202 828 ლარით.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, ჯამში, მერიამ ამისათვის 21 200. აქედან 2018 და 2019 წლებში – 3100-3100 ლარი, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 5 000 ლარს ხარჯავდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 5 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფელ სნოს, კარკუჩის, სიონისა და გორისციხის ბიბლიოთეკები. ამ 5 წლის განმავლობაში, ჩამოთვლილი ბიბლიოთეკებიდან არცერთს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდა, მუნიციპალიტეტში არც ახალი ბიბლიოთეკა აშენებულა.

მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018- 2022 წლებში მერიამ ბიბლიოთეკები 422 514 ლარით დააფინანსა. აღმოჩნდა, რომ 2018 წელს მხოლოდ 1000 ლარი დაიხარჯა, რადგან როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული ა(ა)იპ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი ახალი გახსნილი იყო. 2019 წელს 88 800, 2020 წელს 111 063, 2021 წელს 110 201, ხოლო, 2022 წელს კი 111 450 ლარი დაიხარჯა.

2018 წელს მერიას წიგნების შესაძენად თანხა არ გამოუყვია, 2019 წელს მხოლოდ 111 ლარი, 2020 წელს 2 100, 2021 წელს კი 4 504 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება 2022 წელს წიგნების ფონდი ჯერ არ შევსებულა.

თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტში 17 ბიბლიოთეკაა: თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკა, სოფლების: არტნის, ლიშოს, ტუშურების, ზარიძეების, ჟებოტის, ლელოვანის, ახალსოფლის, ალოტის,  ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქარის, მაგრანეთის, ბოჭორმისა და დაბა სიონის ბიბლიოთეკები.

2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტში ახალი ბიბლიოთეკა არ აშენებულა, რეაბილიტაცია კი ორს – დაბა სიონისა და სოფელ ჟებოტის ბიბლიოთეკებს ჩაუტარდა.

ამავე წლებში მერიამ ბიბლიოთეკები 676 420 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 125 400 ლარით, 2019 წელს – 138 440 ლარით, 2020 წელს – 133 600 ლარით, 2021 წელს – 138 480 ლარით, ხოლო 2022 წელს – 140 500 ლარით.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, 2018-2022 წლებში წიგნების ფონდისთვის 12 870 ლარი გამოიყო. აქედან 2018 წელს – ყველაზე მცირე, 600 ლარი, 2019 წელს – 1 570 ლარი, 2020 წელს – 3 200 ლარი, 2021 წელს – 3 500 და 2022 წელს – 4 000 ლარი.