ბათუმში, ევროპის მოედანზე, დღეს, გამოცემა “ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აქციაზე შეკრებილები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს გააპროტესტებენ.
ჟურნალისტების ინფორმაციით, გუშინ ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
ხელვაჩაურის მერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარი თავად გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, – აცხადებს „ბათუმელების“ მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე.