საბავშვო ბაღი ახალსოფელში – “ნაცმოძრაობა” პროკურატურას მიმართავს

369

ნაციონალური მოძრაობა მიმართავს პროკურატურას, ხელვაჩაურში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის საკითხი შეისწავლოს. ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. საქმე ახალსოფლის საბავშო ბაღს ეხება.  შენობა უკვე ორი წელიაუფუნქციოა, ხოლო, 180-მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბაღი ახალსოფელში 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, სამი წლის შემდეგ დაიხურა, რადგან შენობა ავარიული აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროექტი თავიდანვე არაერთი ხარვეზით, გეოლოგიური შესწავლის გარეშე შესრულდა.  ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

დღეს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე შენობის აღდგენა – გამაგრებითი სამუშაოებისთვის  150  ათასი ლარის გამოყოფაზე უნდა იმსჯელონ.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ბაღის აშენების შემდეგ მიმდებარედ გრუნტის წყლები აღმოჩნდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიის დაზიანება გამოიწვია.

ჩატარდა დეტალური გეოლოგიური კვლევა, შეძენილია საპროექტო დოკუმენტაცია. უწყების ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტი პროექტის დაწყებას  წელს გეგმავს.