ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის 2100 აღსაზრდელი ტრანსპორტის გარეშე რჩება, – ამის შესახებ საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, 13 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ტრანსპორტირების თანხა გამოიყო, თუმცა ხელშეკრულება შეწყდა.
„2022 წლის 13 აპრილს ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებამ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შპს „ხელვაჩაურის ტრანსპორტთან“, რომლის მიხედვითაც გამოიყო 101 277 ლარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი 13 ბაღის აღსაზრდელების ტრანსპორტირებისთვის. ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 დეკემბრამდე იყო, თუმცა გაერთიანებამ შეაჩერა შეთანხმება, რის გამოც ხელვაჩაურის ბაღების 2100 აღსაზრდელი რჩება ტრანსპორტირების გარეშე“, – განაცხადეს საკრებულოს წევრებმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გამოეხმაურა.
„ოპოზიციის განცხადებები სიცრუის გავრცელებას ემსახურება. ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ბავშვებს ტრანსპორტირების მიზნით გამოვუყოფთ თანხებს, რითიც შეძლებენ ბავშვების ბაღებამდე გადაყვანას და ტრანსპორტს თავად დაიქირავებენ. ჩვენ უკვე გათვალისწინებული გვაქვს ამ პროგრამისთვის თანხები და სულ რამდენ ბავშვს მოუწევს დაფინანსება, ამის შესახებ მონაცემებს ბაღების გაერთიანება მოგვაწვდის“, – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.