“არანაირი ძალადობა არავისზე არ ხდება” – “ოცნების” სამგორის შტაბის ხელმძღვანელი ხაბეიშვილის ბრალდებაზე

494

წინა სტატია

სამგორის რაიონის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი, რევაზ სოხაძე “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს უპირისპირდება.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის კონკრეტულ ფაქტს ეხება.

“მთავარი არხი” რევაზ სოხაძეს დაუკავშირდა. მან გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო. სოხაძის თქმითვე, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არიან ამ აუდიოჩანაწერში ასახული პირები და ლევან ხაბეიშვილს მატყუარა უწოდა.

“ხაბეიშვილს ნამდვილად მოუწევს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს დრო დადგება, მაგრამ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ის ტყუის და არის მატყუარა და ჩვენ, თქვენც და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ დღეს არანაირ ძალადობას არავისზე, არათუ საჯარო მოხელეებზე, აბსოლუტურად არავისზე ადგილი არ აქვს. ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება ნამდვილად ძალიან გამიჭირდება. იმიტომ, რომ თქვენ ახლა მესაუბრებით, რაღაცა ჩანაწერზე, სადაც ვიღაცა ორი ადამიანი საუბრობს და რა უნდა ვთქვა ახლა მე ამაზე. მე გეუბნებით, რომ სისულელეა”, – რევაზ სოხაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საჯარო მოხელესა და “ოცნების” აგიტატორს შორის არსებული ჩანაწერი გაასაჯაროვა. ჩანაწერის მიხედვით, სამგორში საჯარო მოხელეებს “ამუშავებენ”, რომ არჩევნებში მხარი მმართველ გუნდს დაუჭირონ.