“მოვითხოვთ, სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე მიცემულ იქნას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, რადგან ის „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ავალებს, რომ მიუტანონ საჯარო მოხელეების სია, რომლებსაც შემდეგ სამსახურებში „დააკაჩავებენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დანაშაულებრივ საქმეში „ქართული ოცნების“ აგიტატორებიც ჩართულები არიან, თუმცა, პასუხისგება ხელმძღვანელ პირებს სოზარ სუბარს და რევაზ სოხაძეს უნდა დაეკისროს.
„ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. ჩანაწერში, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ – „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის შტაბის წარმომადგენელი ყვება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი „კარდაკარი“ რომ ჩაატარა, ამით მიხვდა, რომ არჩევნებს აგებდნენ. ამის შემდეგ სამგორის რაიონის საარჩევნო შტაბიდან მიიღეს დავალება, რომ მიიტანონ სიები, სადაც კონკრეტული ადამიანები იქნებიან აღნიშნული სამსახურების მიხედვით, ანუ ვინ სად მუშაობს, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ადამიანები დააშანტაჟონ, დააშინონ და იძულებით ხმა მიაცემინონ „ქართულ ოცნებისთვის“. მე მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, მეგობრებო რამდენი პირადობის ასლიც გინდათ იმდენი მიუტანეთ „ქართულ ოცნებას“, თუ დადაგჭირდებათ ჩემს პირადობასაც გაგატანთ, მთავარია რას გააკეთებთ არჩევნების დღეს. ასევე, მინდა შევუთვალო „ქართული ოცნების“ აგიტატორებს, რომლებიც ჩართული ყავთ სამწუხაროდ, სისხლის სამართლებრივ დანაშულში და მათ აკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც კანონით არ შეიძლება, თქვენ მეგობრებო გიყენებენ, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელ პირებს, სოზარ სუბარს და რევაზ სოხაძეს, რომლებიც ასეთ უკანონო დავალებებს გაძლევენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილი მიმართავს, საგამოძიებო უწყებებს აღნიშნულ ფაქტზე და ჩანაწერზე დაიწყონ სისხლის სამართლებრივი გამოძიება და ასევე გამოთქვამს მზად ყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, საჯარო მოხელე და “ქართული ოცნების” აგიტატორი ფიგურირებს, ეს უკანასკნელი შემდეგს ამბობს:
“თუ ვინმე მცნობს, მეუბნება, ვის აძლევს ხმას, თუ არადა, ყველა ამბობს, “არ გადამიწყვეტიაო”. მე თოფით მადგანან, რომ უნდა ამოვიღო ხმები. აგრესიულად არავინ… პირადად არავინ ჩხუბობს და აგრესიულად არავინ არ არის განწყობილი, მაგრამ “ეგ ჩვენ ვიცით, ვის მივცემთ ხმასო” და იმათთან [შტაბში] რომ მიმაქვს ასეთი პასუხები, მეუბნებიან, “არა, როგორმე უნდა ამოქაჩო, ვის აძლევს ხმას”… წინასწარ ხომ ითვლიან ესენი, მოიგებენ თუ წააგებენ…”, – ამბობს ჩანაწერში მოქალაქე, რომელიც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, “ოცნების” აგიტატორია.
ამავე საუბრის მიხედვით, ჩანაწერის ფიგურანტი ამბობს, რომ “წინა” დათვლისას “ქართული ოცნება” ვერ იგებდა არჩევნებს და ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, რის შემდეგაც საჯარო სამსახურებში მომუშავე ხალხის იდენტიფიცირება მოახდინეს, შემდეგ კი აგიტატორებს დაავალეს, რომ აღწერონ ისინი, ვინც სამთავრობო სამსახურშია და სხვა პარტიას აძლევს ხმას, რათა შემდეგ “სამსახურში დაამუშაონ”.
“მყავდა ჩემს კორპუსში ერთი ოჯახი, არ მეუბნებოდნენ… რამდენჯერაც მივედი, სხვა პარტიას ვაძლევთ ხმას, სხვა პარტიასო, გუშინ რომ მივედი, უკვე 41-ები მითხრეს, ალბათ, იმუშავეს სამსახურში, ვიღაც მიუგზავნეს ან რაღაც და უკვე 41-ები მითხრეს”, – ამბობს “ქართული ოცნების” აგიტატორი.
ჩანაწერში არაიდენტიფიცირებული ხმა ასევე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ადამიანებმა აზრი თვითონ შეიცვალონ და ამის შესახებ მას შტაბშიც ეუბნებიან. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ “იმასაც ხვდებიან იქ, [არჩევნებზე] ვინ რას გააკეთებს”.
“ამათ უნდათ გაგება, წინასწარ რა სიტუაცია ექნებათ, რომ კიდევ იმუშაონ ხალხზე”, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც ხაბეიშვილის თქმით, “ოცნების” აგიტატორისა და ერთ-ერთი ამომრჩევლის საუბარს აღწერს.
ხაბეიშვილის თქმით, ჩანაწერი სამგორშია გაკეთებული და პასუხისმგებლობას ისანში “ქართული ოცნების” შტაბის უფროსს, ლევან სოხაძეს და სამგორის რაიონში მმართველი პარტიის მაჟიროტარი დეპუტატობის კანდიდატს, სოზარ სუბარს აკისრებს.
https://www.facebook.com/lkhabeishvili/videos/2734477780141486/