“ჯივიპი“ 2020 წელს დაგეგმილი სარეაბლიტაციო პროექტების ფარგლებში, 21 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ანახლებს.
როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე აცხადებს, ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, არჩილ მეფის, ჩარგლის ქუჩებზე, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში,
“იმისათვის, რომ ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, სრულად იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. პროექტებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვასრულებთ და წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში”, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას ანახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისხმობს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.