რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.”-ს შორის ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა.
წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 146 მილიონ ლარს შეადგენს.
“2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება ტენდერი წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურებისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯამურად ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების მშენებლობაზე 225 მილიონი ლარი დაიხარჯება.