საქართველოს სახალხო დამცველი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატი არ გამორიცხავს, რომ რეჟიმმა ბებუას ბრალი ხელოვნურად დაუმძიმა. სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლდეს:
ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედება, მათ შორის პირის უფლება დაცული იყოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან – ვრცელდება მთავრობების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც.
საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ, ოკუპანტ სახელმწიფოს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ასევე დეფაქტო ხელისუფლებებს – ნათქვამია სახლახო დამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუმა ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა.
მას სოხუმის რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავება.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.