მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება – მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
“შეცვალეს” წევრების თქმით, ბებუას საქმეზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან წარმომადგენლებმა ზერელე განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუმა ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა.
მას სოხუმის რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავება.
ბებუა აღიარებს, რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა, ხელყუმბარები დაკავებისას ჩაუდეს.