კირაჩ მუღანლოელები მარნეულის მერიისგან, წითელი ხიდი-მარნეულის ხაზზე, ახალი ავტობუსის დამატებას ითხოვენ

381

მარნეულში, წითელი ხიდი-მარნეულის ხაზზე, უკვე ორი თვეა, მხოლოდ ერთი ავტობუსი მოძრაობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

წითელ ხიდთან მდებარე სოფელ კირაჩ მუღანლოს მოსახლეობის განცხადებით, დილით 10:00 საათსა და შუადღის 14:00 საათზე, მარნეულში წასვლა უძნელდებათ, რადგან მეორე ავტობუსი აღარ მოძრაობს. მათი თქმით, ავტობუსი, რომელიც ახლა სოფელ ემსახურება ამორტიზებულია და ისიც ხშირად ფუჭდება.

სოფლისთვის ავტობუსი გამოიყო, მაგრამ რაიონში წასვლაზე ყოველთვის პრობლემა გვაქვს. დილით თუ არის ავტობუსი საღამოს არაა, საღამოს თუ არის მაშინ დილით არაა. ხანდახან გზაში ვრჩებით. მძღოლებს ვადანაშაულებთ, მაგრამ სახელმწიფომ თვითონ უნდა ნახოს გამოსავალი…

ამბობდნენ, მარნეულში ახალი ავტობუსები ჩამოვაო იმ ავტობუსებიდან ერთი მაინც ჩვენს სოფელში რომ გამოუშვან კარგი იქნებოდა. რაიონში წასვლისას გზაში აღარ დავრჩებოდით,“ – ამბობენ კირაჩ მუღანლოს მაცხოვრებლები.

მოსახლეობის განმარტებით, მარნეულის მერის არჩევნების დროს, ზაურ დარგალი მათ დაპირდა, რომ სოფელში ახალ ავტობუსს გაუშვებდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. ისინი მარნეულის მერიისაგან ხუთი ახალი ავტობუსიდან ერთ-ერთის წითელი ხიდი-მარნეულის ხაზზე გაშვებას ითხოვენ.

მარნეულში ხუთი ახალი ავტობუსი რამდენიმე დღეა რაც ჩამოვიდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ ხუთი ახალი ავტობუსიდან სამი ქალაქში იმოძრავებს, ხოლო ორი სოფლებზე გადანაწილდება.

„ჯერ-ჯერობით არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება თუ სად გადანაწილდება დარჩენილი ავტობუსები“ – გვითხრა ჯალაღონიამ

მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსის განმარტებით, მარნეულში მოძრავი N3 ავტობუსებიც სოფლებში გადანაწილდება და ქალაქში მხოლოდ ახალი, მწვანე, ავტობუსები ივლიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტობუსების შესაძენად ტენდერი 19 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ „ჯი-თი გრუპ“-მა და შპს „აზია სერვისი“-მ მიიღო.

შპს „აზია სერვისი“-მა მერიას ავტობუსების ჩამოყვანა 1 268 800 ლარად, ხოლო „ჯი-თი გრუპ“-მა 1 311 000 ლარად შესთავაზა. ტენდერის გამარჯვებული „ჯი-თი გრუპი“ გახდა. მერიამ მასთან ხელშეკრულება 28 მაისს გააფორმა.