ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე “პატრიოტთა ალიანსის“ სააგიტაციო პლაკატები გარეგანათების ბოძებზეა გაკრული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა აღნიშნულ ადგილზე აკრძალულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის ქუჩაზე პარტიის პლაკატები რამდენიმე ადგილზეა გაკრული. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების (პლაკატები) განთავსების შესახებ რეგულაციით, პლაკატების გაკვრა გარეგანათების ბოძებზე იკრძალება.
„მე ყველა გაფრთხილებული მყავდა, გააკარით პალაკატები ისეთ ადგილზე, სადაც არ არის აკრძალული. დავავალებ რომ მოხსნან, არ მქონდა ინფორმაცია“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ახალციხეში, დავით ბერიძემ.
მსგავსი დარღვევების დროს პარტიებს, ან მათ წარმომადგენლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური 50 ლარით აჯარიმებს.
სამსახურის უფროსის, მიშა მაკარიძის თქმით, სანქციას აკისრებენ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვთ.
წინასაარჩევნოდ ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 47 დასახლებაში განსაზღვრა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეეძლებათ.