პროტესტი და სოლიდარობის მსვლელობა ბოლნისში – “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა მანქანას ქვები ესროლეს

411

წინა სტატია

ბოლნისში “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივებს სოლიდარობის მიზნით შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერები და ვეტერანების ნაწილი, რომლებმაც მსვლელობა ბოლნისის ქუჩებში მოაწყეს და დაზარალებულები მოინახულეს.

“მთავარი არხი” აცხადებს, რომ თბილისიდან 100-მდე მანქანა ჩავიდა ბოლნისში.

ტვ4-ის ინფორმაციით, გზაში ინციდენტი მოხდა. გამოცემის ცნობით, ბოლნისში,  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ქვა მათ შავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით მოძრავმა პირმა ესროლა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის კვირას, 27 სექტემბერს, დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინციდენტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.