შაშკინი: ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან

427

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან.

„იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი დეპუტატობის კანდიდატი მეშველიანი დაეხმაროს ხალხს, გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციით ავალია, შექმნეს ბანდები, რომლებიც ატერორებენ ჩვეულებრივ მოსახლეობას. უვარდებიან სახლებში. გუშინ ღამე, ინციდენტის შემდეგ დაარბიეს ოქრიაშვილის ერთ-ერთი ოფისი. უვარდებიან კაფეებში და ცემენ მოსახლეობას.

ეს არის „ოცნების“ სახე. მძიმე იყო, რომ გუშინდელი ფაქტი მოხდა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს. ეს შეიტყვეს ვეტერანებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ მემორიალთან და დამიკავშირდნენ. აქ არიან ვეტერანები მოსული, რომლებმაც გამოხატეს მორალური მხარდამჭერის სურვილი, ისინი აქ ჩამოვლენ არჩევნებზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიან საარჩევნო პროცესს, იქნებიან მეთვალყურეები“, – განაცხადა შაშკინმა.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ინციდენტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.