სულხან სალაძე წინასაარჩევნო გარემოზე: სექტემბერში დაძაბულობის ზრდა შეინიშნება

453

როგორც ჩანს, სექტემბერ-ოქტომბერი კიდევ უფრო ცხელი იქნება და პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღლა აიწევს, ამის ნიშნები უკვე ჩანს, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტიის ვალდებულებაა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდეს.

„ძალადობრივი შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ან ხელის შეშლა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ყოველთვის აზიანებს თავად წინასაარჩევნო გარემოს და ძაბავს სიტუაციას. წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ პროცესში ჩატარება აბსოლუტურად ყველას ვალდებულებაა. ყველაზე დიდი ყურადღება და ისრები მიმართულია მმართველი პარტიის მიმართ, რადგანაც მათ ყველაზე მეტად ხელეწიფებათ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ზოგადად უკავშირდება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს და გვახსენებს ყოველთვის თავს, არის მოსყიდვები ან იმ ტიპის პროგრამების ინიცირება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ არის ხელისუფლება და მმართველი პარტია, როდესაც ამის გამიჯვნას არც კი ცდილობს ხელისუფლება ან განცხადებებში ისინი ერთმანეთში ურევენ როგორც მმართველ პარტიას, ასევე ხელისუფლებას. ამისი ნათელი მაგალითები ჩვენ უკვე მოვისმინეთ და ვნახეთ. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ სოციალური დახმარებების საჭიროება, მითუმეტეს, კოვიდ 19-ს დროს, მაგრამ ფორმა, რომელსაც ხელისუფლება ირჩევდა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ის, რომ დაძაბულობის ზრდა შეინიშნება სექტემბრის თვეში, ეს ცხადია. ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ ამის, თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში“, -განაცხადა სალაძემ.