ავტორი: ეკატერინე ბასილაია
მოქალაქეების სახელით 5 წლის წინ შეტანილ სარჩელზე, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კანონდარღვევით გაუქმებას ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის არსებით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს და ხელისუფლების ქმედებაში ვერანაირ კანონდარღვევებს ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია. მოქალაქეები ითხოვენ, რომ სასამართლომ მათ სარჩელზე არგუმენტებით უპასუხოს.
ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, თელავი, მცხეთა და ამბროლაური – ეს ის თვითმმართველი ქალაქებია, რომლებსაც 2017 წელს, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა. პროცესი კი კანონდარღვევით, მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე წარიმართა.
დოკუმენტი გასაუქმებლად განწირული თვითმმართველი ქალაქების მოქალაქეებმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მეშვეობით, 2017 წელსვე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.
არასამთავრობო სექტორი სასამართლოს საქმის დაჩქარებულად შესწავლას და მიღებული აქტის შეჩერებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მხოლოდ 4 წლისა და 8 თვის შემდეგ მოიცალა და ისიც იმის სათქმელად, რომ საქმის არსებითად განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობრივ კითხვებს (რადგან, უმეტეს შემთხვევებში, იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა), არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
რის საფუძველზე შეწყვიტა სასამართლოს საქმის წარმოება, რა არგუმენტები და მოლოდინები აქვს მოსარჩელე მხარეს სააპელაციო სასამართლოდან, თემაზე droa.ge -სთან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი დარინე სალდაძე საუბრობს.
დარინე სალდაძე: 2022 წლის 24 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე, რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას და აღნიშნული განჩინების საფუძველზე საქმის წარმოება შეწყვიტა.
ჩვენ ვდაობდით იმ ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხს, რომლის საფუძველზეც, ფაქტობრივად, შეიქმნა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.
– რა არგუმენტების საფუძველზე შეწყვიტა სასამართლომ საქმის წარმოება?
– სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად არ მიიღო და განჩინებაში მიუთითა, რომ სასამართლომ მოსარჩელეების მიერ საქმის მიმართ ვერ დაინახა მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი; რომ ადგილი არ ჰქონია რაიმე ტიპის კონსტიტუციური, ფუნდამენტური უფლების დარღვევას, როგორიცაა, მაგალითად, საკუთრების უფლება, ან მემკვიდრეობის უფლება. გაუგებარია, ამაზე რატომ აპელირებს, თუმცა, უშუალოდ განჩინებაში ასეა მითითებული; ასევე, მითითებულია, რომ გაუგებარია, თუნდაც სარჩელის დაკმაყოფილება რა სამართლებრივი სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს პირებისთვის. სასამართლოს მხრიდან ამ განჩინების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მთავარი არგუმენტი იყო სწორედ ეს სამართლებრივი იურიდიული ინტერესის არარსებობა.
სხვათა შორის, საქმის წარმოების შეწყვეტა როცა ხდება, სასამართლო არსებით ნაწილზე არ მსჯელობს. თუმცაღა, სასამართლოს მითითება აქვს გაკეთებული იმასთან მიმართებით, რაც მოხდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ ინფორმაცია რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მხრიდან; ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა ინფორმაცია გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” 2017 წლის 19 მაისის ნომერში, რომ, ზოგადად, ასეთი ცვლილება იგეგმება. სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ პერსონალურად ვერ მოხერხდებოდა მუნიციპალიტეტების თითოეული მოქალაქის ინფორმირება და, რომ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის იყო ცნობილი.
– თქვენი მხარის არგუმენტები რა იყო?
– “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პროცესში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა, მოსარჩელეები მოქალაქეები არიან. სულ 7 მოსარჩელეა: გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის წარმომადგენლები. შვიდი მოქალაქე სწორედ მაგიტომ შეირჩა. ეს ადამიანები ზუსტად ამ გაუქმებულ შვიდ თვითმმართველ ქალაქში ცხოვრობენ, რომ სასამართლოს ამ საქმის მიმართ მათი უშუალო, პირდაპირი ინტერესი დაენახა. ასე რომ, მოსარჩელე არ არის, ამ შემთხვევაში, რაიმე ორგანიზაცია, ან პირი, რომელსაც საერთოდ არ ეხება ეს საკითხი, არამედ არან გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქში მცხოვრები და რეგისტრირებული პირები.
ახლა უკვე კერძო საჩივრით მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ვითხოვთ, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ასევე, ვითხოვთ საქმე პირველ ინსტანციაში დაბრუნდეს, რომ არსებითად მოხდეს საქმის განხილვა.
ჩვენი არგუმენტი, უპირველეს ყოვლისა, ისაა, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევას აქვს ადგილი. ადამიანებს კანონით აქვთ გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. ცვლილებების შესახებ ინფორმირება მხოლოდ ფორმალობა იყო და, რეალურად, მოქალაქეებს საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ. რაც შეეხება საქმის მიმართ იურიდიულ ინტერესს, ისევ და ისევ სასამართლო პროცესზეც და ახლა უკვე კერძო საჩივარშიც ვუთითებთ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით მოქალაქეების ხმას ექნება ნაკლები ღირებული მნიშვნელობა და წონა; პლუს არსებობს შანსი, რომ ამით საარჩევნო უფლების რეალიზაციის საკითხში მათი ინტერესები ნაკლებად იქნება გათვალისწინებული; გარდა ამისა, არსებობს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” გათვალისწინებული საერთო კრება და პეტიციების წარდგენასთან მიმართებით, რომელიც პირდაპირ არის მიბმული თვითმმართველ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობაზე, ამ საკითხებშიც მათი მონაწილეობის საკითხი ახლა უფრო შეიცვალა.
სწორედ ამ არგუმენტაციის საფუძველზე ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას და ახლა უკვე ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, რომ თავიდან შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება – რამდენად დასაბუთებულია, რამდენად კანონიერია და რამდენად სწორად გვეთქვა ჩვენ უარი განჩინებით საქმისწარმოების შეწყვეტაზე. შესაბამისად, მისი შეწყვეტის საფუძველი რამდენად არსებობდა, ახლა უკვე მეორე ინსტანციამ – სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
– არსებითი დავის საგანია, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართულიყო და ეს წესი დაირღვა და რადგანაც სასამართლოს განცხადებაა, რომ ბეჭდურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და სათითაოდ ყველას ვერ შეატყობინებდნენ განხილვის შესახებ, ამიტომაც მაინტერესებს, მოქალაქეები, რომელთა სახელითაც შეტანილია სარჩელი, რამდენად აქტიურები არიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში?
– მოქალაქეების აქტიურობა-არაქტიურობას არც ჰქონდა მნიშვნელობა, თუმცა, გასაგებია თქვენი პოზიცია. მოსარჩელეები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატიც არის ერთი და ამიტომაც, თუ ვინმე მოინდომებდა ამ ინფორმაციის მოქალაქეებამდე მიტანას, ისინი საკმარისად აქტიურები არიან, რომ, შესაბამისი ფორმით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევეში, ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ.
– სასამართლომ განაცხადა, რომ მოსახლეობის რომელიმე ჯგუფთან კონსულტაცია შედგა და ეს წესი არ დარღვეულა?
– პრინციპში, ეს იყო არსებითი დავის საგანი, კონსულტაცია ჩატარდა თუ არა კანონის გათვალისწინებული წესით. სასამართლო მხოლოდ იმას უთითებს, რომ მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ წინადადებები “საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ” მუნიციპალიტეტებს გადაუგზავნა; პლუს ამას, საჯაროდ გამოქვეყნდა “საქართველოს რესპუბლიკაში”.
თუმცა, კერძო საჩივარში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვუთითებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არის დადგენილი და რომელიც, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო. ვუთითებთ იმაზე, რომ ეს პროცესი არ უნდა იყოს ფორმალური და მოქალაქეების რეალური მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
– სასამართლოს 5 წელი დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ სარჩელზე უარი განეცხადებინა, ახლა საქმე სააპელაციოშია და რამდენად შესაძლოა, ისევ წლები გაიწელოს პასუხის გაცემა?
– მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ 2017 წლიდან დავიწყეთ დავა და 2022 წლამდე მოვედით. 24 თებერვალს მიიღო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. სააპელაციოში კერძო საჩივარი ორშაბათს წარვადგინეთ და ყოველდღიურ რეჟიმში შევეხმიანებით. 2-თვიანი ვადაა განხილვის.
– რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რა იქნება შემდეგ?
– ჩვენ კერძო საჩივარში ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი მივუთითეთ, რაც შეიძლება არსებობდეს ამ საქმეში და, თუ აპელაციის მიერ მოხდება რეალური განხილვა და შეფასება ამ იურიდიული ინტერესის არსებობის, ამ პირობებში, მოლოდინი გვაქვს, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაბრუნდება.