საიას შეფასებით, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების გამო, დამკვირვებლებმა 31 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს

746

საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების გამო, საიას დამკვირვებლებმა 31 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს.

საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.

არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საიას დამკვირვებლებმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები აღრიცხეს, რამაც, საბოლოოდ, ზოგიერთ ადგილას კენჭისყრის პროცესის შეფერხება გამოიწვია. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში დაიძაბა სიტუაცია ზუგდიდის, რუსთავის, ისნის და ბათუმის საარჩევნო უბნებზე. რამდენიმე შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

შემაშფოთებელი იყო საიას სადამკვირვებლო მისიისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები კომისიის წევრებისა და სხვა ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან.

Რაც შეეხება საარჩევნო უბნის შიგნით მიმდინარე კენჭისყრის პროცედურების დაცვას, Საიამ ცალკეულ შემთხვევებში დარღვევები და ხარვეზები აღრიცხა. მათ შორისაა: წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება.

ზოგიერთ უბანზე გამოვლინდა ხარვეზები საჯაროდ გამოსაქვეყნებელი საარჩევნო დოკუმენტაციის (ბიულეტენის შევსებისა და ბათილობის წესები, სადემონსტრაციო ოქმის მონაცემები და გადასატანი ყუთის სია) არასათანადოდ განთავსებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების კუთხით.

საიას დამკვირვებლებმა ცალკეულ უბნებზე, შიდა პერიმეტრზე, დააფიქსირეს პრობლემები ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით.

საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების დახურვის შემდგომაც. კერძოდ: სენაკის მე-13 უბანზე საიას მოთხოვნის შემდეგ 23 ბიულეტენი ბათილად ცნეს მასზე ხელმოწერისა და ბეჭდის არარსებობის გამო; საბურთალოს 33-ე უბანზე 4 საეჭვო ბიულეტენი ცნეს ბათილად, თუმცა, საიას დამკვირვებლის მოსაზრებით, მასზე გამოვლენილი იყო ნება; ისნის 62-ე უბანზე გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. არაერთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნი დაულუქავად მიიტანეს.

Საერთო ჯამში, კენჭისყრის დღეს, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 31 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს.

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლასა და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე კენჭისყრის დღეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავდა.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობდა ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურდა, მიეღო სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საიამ დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენცია ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 12:00, 16:30 და 21:00 საათზე გაიმართა.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. 

განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.