ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგიოლობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მათივე შეფასებით, უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა.
„2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს ქვეყნის დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. შედეგად, პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.
საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის
მიმართულებით. თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. ისევე როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ პოლიტიკურ ველს,“- ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.