სახელმწიფო ქონების უპირობო პრივატიზაცია გრძელდება – საია-ს კვლევა

652

საია აგრძელებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაწყებული პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შედეგების შესწავლას. გამოიკვეთა, რომ კვლავ ნაკლებია გაყიდული ობიექტების რაოდენობაში პირობით გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა. ეს მიანიშნებს ტენდენციაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდეგ, მცირე დროის განმავლობაშიც კი, ამ ობიექტების გამოყენების ან განვითარების პერსპექტივას სახელმწიფო სრულად ემიჯნება და ეს მთლიანად შემძენის შესაძლებლობებსა თუ სურვილზე ხდება დამოკიდებული.

გარდა ამისა, საკმაოდ დიდია ჩაშლილი და შეწყვეტილი აუქციონების რაოდენობა. სამივე წელს გამოცხადებული აუქციონებიდან დიდი ნაწილის წარუმატებლობა, შესაძლოა, თავად ამ ობიექტების ნაკლებად პერსპექტიულობითაც აიხსნას: ზოგიერთი ქონების მდებარეობის და მოცულობის/ფართობის გათვალისწინებით ისინი ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისათვის.

პრობლემურია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში 2020 წელს გამოცხადებული აუქციონების თაობაზე ცალკე გენერირებული მონაცემების მოძიება აუქციონისა და ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე, პროაქტიულ ფორმატში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 2021 წლის მონაცემები კი არასრულყოფილია (რასაც, იმავდროულად, შეცდომაში შეჰყავს გარეშე პირები). გამჭვირვალობასთან ერთად, ანგარიშვალდებულების ნაწილიც არ არის დამაკმაყოფილებელი – ვებგვერდებზე არ მოიპოვება პროექტის თაობაზე ერთიანი ანგარიში, რომელიც აუქციონების მიმდინარეობასა და შედეგებს ასახავდა.

იხილეთ კვლევა სრულად.