ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

352

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელსა და ჯუმში გამართა.

ადგილობრივებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ხედვებს.

“დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს, თუმცა ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სოფელ ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ასევე, იგეგმება ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც.

ჯუმში გამართული შეხვედრის შემდეგ, კანდიდატი ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით არსებული გეგმა მერმა გააცნო. რეაბილიტირებულია მეზობელ სოფელ ოფაჩხაფუსთან დამაკავშირებელი გზაც.