ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

401

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

„გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება, ხოლო დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში აშენებს საბავშვო ბაღებს.

ტენდერი გამოცხადდა სოფელ ჭითაწყარისა და რუხისთვის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.
ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება 18 საბავშვო ბაღს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან ზუგდიდში 29 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აშენდა ქალაქის N2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები“, – ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.