გარდაბნის სოფელ მუხროვანში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

324

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში ბავშვებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს. ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტაბიძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დაათვალიერეს.

„60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობაში 8 საკლასო ოთახი და 1 კლას-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. ამ ეტაპზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 8 ახალი სკოლის მშენებლობა“, -აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.