ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანთან მუნიციპალური განვითარების ფონდი 15 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს. პროექტის მიხედვით, დაბა აბასთუმანში მდებარე არსებული რეკრეაციული ტყე-პარკში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის, წახანთან წყალსაცავი აშენდება, რომელიც მიმდებარე სოფლების სამელიორაციო პრობლემასაც მოაგვარებს. წყალსაცავის მიმდებარედ ერთ კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული ზონების მოწყობა, მათ შორის, სასეირნო ბილიკების, მოსასვენებელი ადგილებისა და გარეგანათების გაკეთება იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერზე წინადადებების მიღებას 8 დეკემბერს დაიწყებს.
არსებული ინფორმაციით, „დაბა აბასთუმანში მდებარე რეკრეაციული ტყე-პარკის რეაბილიტაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მუშავდება სახანძრო უსაფრთხოების კონცეფცია, რეკრეაციულ ტყე-პარკში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის ისეთი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებისათვის, რაც უზრუნველყოფს რეკრეაციული პარკის დაცვას ხანძრისაგან, ხოლო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი – მისი გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვასა და ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩათარებისათვის სათანადო პირობების შექმნას.
ხანძრის სახანძრო ავტომობილით და ვერტმფრენით ჩაქრობის ორგანიზებისათვის დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ წახანში არსებული წყლის საგუბრის (წყალსაცავის) რეაბილიტაცია-მოდერნიზება და სოფელ წახნისწყაროდან ზემოაღნიშნულ წყალსაცავამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. წყალსაცავის გამოყენება შესაძლებელი იქნება, აგრეთვე, მიმდებარე სოფლების გაწყლოვანების მიზნით“.
მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, წყალსაცავმა ხანძრის ქრობის მიზნით უნდა უზრუნველყოს, როგორც ვერტმფრენების, ასევე სახანძრო ავტომობილების წყლით უწყვეტად მომარაგება. წყალსაცავის მოცულობა -არანაკლებ 6,750 მ3 და არაუმეტეს 9,950 მ3 იქნება.
სოფელ წახნისწყაროდან წყალსაცავამდე მოსაწყობ ინფრასტრუქტურათა შორის არის:
- სახანძრო ავტომობილებისთვის წყალსაცავთან მისასვლელი გზა, დაახლოებით 4.8 კმ, კაპიტალური საფარით;
- გზის განათება დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე;
- მდინარე კარხუხზე გადასასვლელი ხიდი;
- მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაახლოებით 3 კმ, ქვესადგურით;
- ვერტმფრენის დასაჯდომ-ასაფრენი მოედანი ერთი ვერტმფრენისათვის;
- სამომსახურო შენობა-ნაგებობა, 1 სახანძრო მანქანის გასაჩერებლად და ტექნიკური მოსახურებისათვის (დასათვალიერებელი ორმოს ჩათვლით), მომსახურე პერსონალის და მეხანძრეების მოსასვენებელი სივრცით (5-კაციან ბრიგადაზე), საფრენი აპარატისათვის და სახანძრო მანქანებისათვის საწვავის სამარაგო ავზებით;
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ სამუშოების არეალი მცენარეულის საფარისგან უნდა გაიწმინდოს, რაც, დაახლოებით, 4.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის მომზადების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ან/და მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული პროექტის ზემოქმედება კერძო საკუთრებებთან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის 4 თვე ექნება, სამშენებლო სამუშოების განსახორციელებლად 11 თვე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერზე წინადადებების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.