ხმაური დადიანის გამზირზე – “ლეიბორისტების” წევრებს დაჭრით დაემუქრნენ

777

“ლეიბორისტული პარტიის” წევრებს დაჭრით დაემუქრნენ. ხმაური დადიანის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს.

პლაკატები სამშენებლო ღობეზე იყო გაკრული, რომელიც “ოცნების” შემომწირველების მშენებლობას ესაზღვრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ “ოცნების” მხარდამჭერებმა დახიეს პლაკატები და მას დაჭრითაც დაემუქრნენ. მომხდართან დაკავშირებით, “ლეიბორისტების” წევრი თემურ წიკლაური დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ეს არ არის ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა – ცოტა ხნის წინ, წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს დაესხნენ თავს. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსხვალი ვიდეომასალაც არსებობს. დღეს კი “ოცნების” ადგილობრივი მაღალჩინოსანი “მთავარის” გადამღებ ჯგუფს დაესხა თავს და ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, უმრავლესობის ლიდერები წინასაარჩევნოდ გახშირებულ ძალადობრივ შემთხვევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ატარებს.