ხათუნა სამნიძე: ძალა ერთობაშიას პარტიული სია არჩევნებზე 5 ნომრით გავა

605

გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის ძალა ერთობაშიას პარტიული სია არჩევნებზე 5 ნომრით გავა, – ამის შესახებ TV პირველის ეთერში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ისაუბრა, რომლის პარტიაც აღნიშნულ ბლოკში დღეს გაერთიანდა.

“სია იქნება ხუთი ნომრით. ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიცია— ძალა ერთობაშიას სახელწოდებით, ნაციონლური მოძრაობის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები”, — აღნიშნა სამნიძემ.

იგი ამბობს, რომ სია დაკომპლექტების რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში სიაში შემავალი პოლიტიკოსების ვინაობას გავიგებთ.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბლოკში გაერთიანებაზე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, ამასთან, არც ერთ პარტიას არ აქვს იმხელა მხარდაჭერა, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს. სამნიძის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის გარეშე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ იყოს.

“გადამწყვეტი იყო, რომ ამ ძალას გადაედგა პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ის მზადაა კოალიციურ რეჟიმში ითანამშროლოს სხვა პარტიებთან. ჩვენ, რესპუბლიკელებმა, სანამ მოვაწერდით ერთიან ბლოკს ხელს, მანამდე რესპუბლიკელებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოვაწერეთ თემატურ თანამშრომლობას, სადაც ჩამოვწერეთ ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვითანამშრომლებთ”, — განაცხადა მან.

სამნიძე ამბობს, რომ ისინი გაერთიანებული იყვნენ ქართულ ოცნებასთანაც და როგორც კი მათ საერთო გზას გადაუხვიეს, ამის შესახებ რესპუბლიკელებმა ხმამაღლა განაცხადეს.

“ჩვენი ვიქნებით პოლიტიკური ძალა ამ ბლოკში და შემდეგ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ხმამაღლა იტყვის სიმართლეს და ყოველთვის ხმამაღლა მიუთითებს იმაზე, თუ პარტნიორებმა გადაუხვიეს გზას”, — აღნიშნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიამ ნაციონალურ მოძრაობასა და კიდევ სამ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკში ძალა ერთობაშია არიან:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • სახემლმწიფო ხალხისთვის;
  • პროგრესი და თავისუფლება;
  • ევროპელი დემოკრატები.

მათ საერთო საარჩევნო სია აქვთ. ასევე, ჰყავთ, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები და პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა.