ქცევის კოდექსი – ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოაწერა

402

ოპოზიციურმა პარტიებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების – USAID-ის და IRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა.

დოკუმენტით ხელმომწერი პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმართავენ ოპონენტებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმებს.

დოკუმენტს “ქართული ოცნება” უკვე შეუერთდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი ამ დოკუმენტის ყველა პუნქტს სრულფასოვნად შეასრულებს.

“იმ სიტუაციაში, როცა შეუძლებელია, საბურთალოზე დაიქირავო ბილბორდი, იმიტომ რომ ყველგან სერგეენკოს სურათია, რამდენად რეალური იქნება ამ დოკუმენტის შესრულება, მიჭირს პასუხის გაცემა. თუმცა, ყველამ უნდა მოვინდომოთ ოპოზიციის მხრიდან, რომ ქართულ ოცნებას ქცევის გაცილებით მაღალი სტანდარტი დავუწესოთ”. – თქვა გამარჯვბული საქართველოს ლიდერმა, ოპოზიციის კოორდინირებულმა კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.

“გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ქცევის კოდექსს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის გახდება ვეგეტარიანელი და ხორცს არ შეჭამს. ჩვენ დღეს შევასრულეთ დიდი ვაჟა ფშაველას დანაბარები “ბილწთ არ შავეკვრი ზავით”. არასდროს ზავით არ შევეკვრებით ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

თავის მხრივ, “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ქცევის კოდექსი ფეიკნიუსების გავრცელებას და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს ეხება და ოპოზიციას მოუწოდებს, დოკუმენტით გაწერილი პირობები შეასრულოს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა. 

კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:

  • დაიცავენ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს.
  • ექნებათ ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია.
  • არ გამოიყენებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას ხვა კანდიდატების შესახებ.
  • მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.

ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, პროგრამაზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება და საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა – ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.