„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება

959

წინა სტატია

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთელ რიგ მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს ითვალისწინებს.

„ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის შემუშავებაში. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას, ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნების და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების, ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანას.

შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, „ქცევის კოდექსში“ ასახული ყველა პუნქტის რეალურად შესრულება უზრუნველყონ.

„ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ვიცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების 3-დღიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დუკუმენტზე დაფიქსირდება მათი ხელმოწერაც. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველვყოთ ყველამ ერთად „ქცევის კოდექსში“ დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა. 

კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:

  • დაიცავენ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს.
  • ექნებათ ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია.
  • არ გამოიყენებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას ხვა კანდიდატების შესახებ.
  • მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.

ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, პროგრამაზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება და საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა – ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.