ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუმთავრებელია. სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები მიატოვა და, როგორც მისმა დირექტორმა გვითხრა, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების დიდი დამსახურებაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომპანიის მიერ გაცხადებულ პრეტენზიებს ქარელის მერია იმით პასუხობს, რომ შავ სიაში კომპანიის შეყვანის მოთხოვნის წერილს გაამზადებს. მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას აუცილებლად მოახვედრებენ შავ სიაში. მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც “ნიუ კომპანიმ” ქარელის მერიას წაუყენა, აბსურდია.
,,კომპანიის დირექტორს, ამ ხნის განმავლობაში, არც ერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ადგილზე არ იყო წყალი, არ იყო დენი… ჩადით ძლევიჯვარში და ნახავთ, რომ სოფელში წყალიც არის და დენიც არის. ამასთანავე, არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ არ მიმდინარეობდა სამუშაოები და რის გამოც ვაპირებდით კიდეც მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას,” – აცხადებს ნათია მაწონაძე.
კომპანიის დირექტორის თქმით, ძლევიჯვრის სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესში, არ არსებობდა ხელშემწყობი პირობები.
,,არ იყო წყალი, არ იყო შუქი…ჩვენ დეტალურად მივუთითეთ ის მიზეზები, რამაც გამოიწვია სამუშაოების არდასრულება. ფაქტობრივად, არანაირი პირობები დაგხვდა სოფელში. ელემენტარულად, წყალი არ იყო ადგილზე და შორი მანძილიდან გვიწევდა ზიდვა. სკოლაში კი არა, მგონი სოფელშიც არ იყო წყალი,” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სამუშაოები მხოლოდ 40%-ითაა შესრულებული. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ქარელის მერიას ამ პროექტის განხორციელება რომელიმე ადგილობრივი კომპანიისთვის სურდა და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ობიექტური მიზეზები გადაიქცა სუბიექტურ მიზეზად:
,,პრობლემების არსებობის გამო, ვითხოვდით პროექტისა და შესაბამისად ხარჯთაღვრიცხვის შეცვლას. მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ დაგვიმტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა, რაც უკვე აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და პირველად მივიღეთ მონაწილეობა ქარელის რაიონში და ასეთი მოულოდნელი რამ დაგვხვდა,” – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ქარელის მერიამ სასწრაფოდ ,,მოძებნა” ახალი კომპანია და მასთან პირდაპირი ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. ეს ახალი კომპანია ,,ნიკა 2000″-ია, რომელმაც ორ კვირაში უნდა დაასრულოს დარჩენილი 60%-ის სამუშაოები.