“არ იყო წყალი, არ იყო შუქი…” – აცხადებს კომპანია ,,ნიუ კომპანის” წარმომადგენელი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესი მიატოვა.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სამუშაოები მხოლოდ 40%-ითაა შესრულებული. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ქარელის მერიას ამ პროექტის განხორციელება რომელიმე ადგილობრივი კომპანიისთვის სურდა და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
“ჩვენ დეტალურად მივუთითეთ ის მიზეზები, რამაც გამოიწვია სამუშაოების არდასრულება. ფაქტობრივად, არანაირი პირობები დაგხვდა სოფელში. ელემენტარულად, წყალი არ იყო ადგილზე და შორი მანძილიდან გვიწევდა ზიდვა. სკოლაში კი არა, მგონი სოფელშიც არ იყო წყალი”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ,,ნიუ კომპანი”-მ სამუშაოები დროულად ვერ შეასრულა: ,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სამუშაოები ვერ დასრულდა და კომპანიამ თავადვე შეწყვიტა მუშაობა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა” – აცხადებენ მერიაში.
კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ობიექტური მიზეზები გადაიქცა სუბიექტურ მიზეზად:
“პრობლემების არსებობის გამო, ვითხოვდით პროექტისა და შესაბამისად ხარჯთაღვრიცხვის შეცვლას. მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ დაგვიმტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა, რაც უკვე აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და პირველად მივიღეთ მონაწილეობა ქარელის რაიონში და ასეთი მოულოდნელი რამ დაგვხვდა” – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ქარელის მერიამ სასწრაფოდ “მოძებნა” ახალი კომპანია და მასთან პირდაპირი ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. ეს ახალი კომპანია “ნიკა 2000”-ია, რომელმაც ორ კვირაში უნდა დაასრულოს დარჩენილი 60%-ის სამუშაოები.