სააკაშვილი ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრობას მხოლოდ 2 წლით გეგმავს

314

წინა სტატია

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, მან ისაუბრა მართლმსაჯულების და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე, ასევე ბოდიში მოიხადა “დაშვებული შეცდომების” გამო.

სააკაშვილმა, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა, განაცხადა, რომ ის პრემიერობას მხოლოდ 2 წლით აპირებს.

მისი აზრით, ეს ვადა საკამარისია, რომ ქვეყანა “ჭაობიდან ამოათრიოს”. ამის შესახებ მან წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ჩაწერა.

“ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერმინისტრი არასრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული… მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და არეულობას, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველაზე ვთანხმდებით”, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება არაერთხელ დააანონსა. მათ შორის, ექსპრეზიდენტი აქტურად პირდებოდა მოსახლეობას დაბრუნებას წინასაარჩევნო პერიოდებში, თუმცა ამ დრომდე არ ჩამოსულა. მის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენია გამოტანილი და ის დამნაშავედაა ცნობილი.

წინასაარჩევნო პერიოდში მორიგი დაპირების გაჟღერების შემდეგ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ციხე ელის.