“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 2012-წლამდე ვითარების დაბრუნება სურს, რაც მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენითაც დასტურდება.
მისივე თქმით, “ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა” აქამდე სააკაშვილის დაბრუნების საკითხს იყენებდა და ახლა პრემიერობის საკითხს გამოიყენებს.
“ევროპული საქართველოს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ივანიშვილსა და მის გარემოცვას სურს დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, ამ კატასტროფის შენარჩუნება, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს ხალხი.
ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ჩანს, და დღევანდელი ნაბიჯითაც დადასტურდა, უნდა 2012-მდე ვითარების დაბრუნდება. ევროპულ საქართველოსა და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები”, — განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება კითხვას, როგორ წარმოუდგენია მას ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ბოკერია ამბობს, რომ არ იცის.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ხვალ გააკეთებს.
მან ბოლო ვიდეომიმართვა 27 აგვისტოს ფეისბუქზე გაავრცელა, სადაც ის ქართველებს ჩამოსვლას ჰპირდება და ბოდიშს უხდის. ვიდეომიმართვა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააზიარა წარწერით “Miha hamodiii”. ქართული ოცნების ირონიულ პოსტს ევროპული საქართველო გამოეხმაურა და დაწერა: “თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა.” გამოწვევას მალევე გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც შეუერთდა წარწერით — “shesha ar ari”.