ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

472

ნაძალადევის რაიონს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა. ილურიძის ქუჩა N103-ში ფეხბურთის ახალი მოედანი მოეწყო. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში არსებულ მინი სტადიონს.

პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე ახალი მავთულბადეები და ფეხბურთის კარები დამონტაჟდა, ასევე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი. ზღვის უბანში რეაბილიტირებული მოედნის ფართობი 520 კვ.მ-ია, ილურიძის ქუჩის ახალი მინი სტადიონის კი – 470 კვ.მ.

სპორტული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ამაშუკელთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში დავასრულეთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ილურიძის ქუჩის ბოლოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი მოედანი მოეწყო. ზღვის უბანში კი სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაზიანებულ მოედანს. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ამ ორი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 107 000 ლარი დახარჯა.