რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ფონდმა უკვე დაიწყო ტენდერების გამოცხადება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ტენდერი გამოცხადდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3967
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3968
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის გარდა, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლას.
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.