რომელმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

1533

გასული წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში ახალი პოლიტიკური ძალები და საარჩევნო სუბიექტები გამოჩნდნენ. არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, რეგიონის ორ ოლქში ამ ეტაპზე ექვსი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა. მათმა ნაწილმა აქტიური კამპანია უკვე დაიწყო, ნაწილი კი საარჩევნო ნომრის მინიჭების მოლოდინშია. ამ თემაზე სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყო.

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომისა და ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა. ნაწილს კი, წარდგენა არ გაუმართავს, თუმცა სავარაუდო კანდიდატები შერჩეული ჰყავს.

„დავით ჭიჭინაძე–ტრიბუნა“

„ტრიბუნას“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა ამ ადგილზე სამცხე-ჯავახედთის ყოფილი გუბერნატორი გელა კვარაცხელია მოიაზრება.

ამ ეტაპზე პოლიტიკური ძალა ადგილზე შტაბის ჩამოყალიბების საკითხებზე მუშაობს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ შევა შტაბში ან ვინ უხელმძღვანელებს, თუმცა პარტიას აქვს საკუთარი ოფისი და მუშაობის აქტიურ რეჟიმზე გადასვლას სექტემბრის პირველი კვირიდან აპირებენ: „მანველიშვილის N33 -ში გვაქვს ოფისი. ველოდებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით და ვაკომპლექტებთ შტაბებს. აქამდე მაინც კანონთან შეუსაბამობა იყო, ამიტომ გვქონდა მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრები და შტაბის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ“, – ამბობს გელა კვარაცხელია.

„თავისუფალი საქართველო“

აქტიური კამპანია არ დაუწყია, თუმცა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში სავარაუდო კანდიდატი უკვე ჰყავს „თავისუფალ საქართველოს“. გოდერძი კუბალშვილი, რომელიც 2016 წელს არჩევნებში პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ოთხი წლის შემდეგ გამარჯვებისთვის ისევ იბრძოლებს.

მისი თქმით, უკვე მზად არის პლაკატი მისი გამოსახულებით, თუმცა საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ახორციელებს.
„უფრო ცივილიზებულად დავიწყე მუშაობა. რეგიონში ერთი შტაბი გვექნება მხოლოდ, საფარის ასახვევში. ახლა გახსნის პროცესში ვართ, ვალაგებთ. ნელ-ნელა ვაკომპლექტებთ შტაბსაც, აქტიური კამპანია კი მხოლოდ სოციალური ქსელით გვაქვს დაწყებული“, – აცხადებს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, მოხდება თუ არა მისი, როგორც კანდიდატის ოფიციალურად წარდგენა ჯერ უცნობია: „არ ვიცი პარტიაში გადაწყვეტენ იქნება თუ არა ჩემი წარდგენა. გაკეთებულია პლაკატი და გამოიკვრება. თუ არჩევნები ჩატარდება ცივილურად, დებატებით, შეჯიბრით, ხალხი გადაწყვეტს. 20 ლარად ვინც გაიყიდება, გაიყიდოს“.

„თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“

კიდევ ერთი პარტია, რომელიც რეგიონში 2020 წლის არჩევნებისთვის გამოჩნდა „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზაა”. მათ ოფიციალურად კანდიდატი ახალციხის მოსახლეობას უკვე წარუდგინეს. ხმების მოსაპოვებლად ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ზურა ხუციშვილი იბრძოლებს -„გამარჯვება ღმერთის ნებაა, ჩვენ გზავნილი უნდა მივიტანოთ ხალხამდე და მერე ღმერთის ნებაა ვინ გაიმარჯვებს. ამ დრომდე პრობლემა არაფერზე შეგვქმნია, მთავარია მშვიდობა იყოს“, – ამბობს ხუციშვილი.

პარტიას რეგიონში ამ დრომდე ოფისი არ აქვს. ჯერ არც მათი პლაკატები ჩანს, რადგან საარჩევნო ნომერი პოლიტიკურ ძალას ჯერ არ მინიჭებია.
„კენჭისყრა იქნება ალბათ ერთ კვირაში და როცა ნომერს მიგვანიჭებენ, მერე გავაკეთებთ პლაკატებსაც და გავალთ სოფლებშიც მოსახლოებასთან შესახვედრად. დასახლებების ნაწილში უკვე ვიყავით. მაგალითად: ბაკურიანში, დვირში, საკირეში, ჭობისხევში, წნისში, კლდეში, აწყურში, თისელსა და ტყემლანაში“.

ხუცისშვილის თქმითვე, 10 სექტემბრამდე გაიხსნება ახალციხეში პარტიის ოფისი და შტაბი დაკომლექტდება.

„ლელო საქართველოსთვის“

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაცილებით ადრე გაიხსნა „ლელო საქართველოსთვის“ ოფისები სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში. მიუხედავად აქტიურად დაწყებული კამპანიისა, ამ დრომდე რეგიონის არცერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ამის გამო, დროებით შეაჩერეს შეხვედრები დასახლებებში.

„შეხვედრები რაღაც ეტაპზე ერთი კვირაა შევაჩერეთ, რადგან მაჟორიტარის ოფიციალურად დასახელებას ველოდებით და იმდენი სახსრები არ გაქვს რომ ცალ-ცალკე ვიაროთ. წესით, კვირის ბოლომდე უნდა იყოს წარდგენა“, -ამბობს „ლელოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე, რომელიც ამავდროულად სავარაუდოდ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება: „ველოდებით ნომრის მინიჭებას. პლაკატები ბილობორდებისთვის დიდები, საერთო პარტიული და მამუკა ხაზარაძის დამზადებული გვაქვს, თუმცა რაღაც ორიგინალური მოვიფიქრე და ცოტა ხანში გაიგებს ყველა. არ ვაპირებთ ქალაქის დაბინძურებას“, – ამბობს ინასარიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

აქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ შტაბები არა მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც ექნებათ. გარდა ამისა, ქალაქში აპირებენ მეორე შტაბის გახსნასაც: „ შტაბები იქნება უდეში, არალში, ვალეში, ვარხანში, აწყურში, მთლიანობაში შვიდი შტაბი დაემატება. იქ, სადაც ჩვენი მხარდამჭერების სიმრავლეა, რომ არ ვაწვალოთ და ხშირად არ მოუწიოთ ჩასვლა ახალციხესა და ადიგენში, მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იქნება ამ სოფლებში მისვლა. ასევე ხშირად ივლიან ჩვენი პარტიის წევრები იმ სოფლებში, სადაც შტაბი არ გვექნება. ასეთი შტაბები ამარტივებს ხალხთან ურთიერთობას“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ივერი ბალახაშვილი.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მზადება პლაკატებისთვის და ქალაქ ახლციხეში შერჩეულია რამდენიმე ადგილი ბილბორდისთვის: „გამზადებული გვაქვს ბილბორდებზე ადგილები, გაკრული არ გაქვს. ერთ-ერთი უნდა იყოს მაგალითად რესტორან „ვარძიასთან“. ახლა რაც ცარიელი ბილბორდებია ქალაქში და სადაც „ოცნების“ პლაკატი არ არის, ჩვენ ავიღეთ“.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნების თარიღი, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა შეხვედრა სოფელ უდიდან დაიწყო.
„ნაციონალურმა მოძრაობას“ მაჟორიტარების ოფიციალური წარდგენა არ ჰქონია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში პარტიის სახელით ვაჟა ჩიტაშვილი იბრძოლებს, ახალქალაქი-ნინოწმინიდის ოლქში კი მელიქ რაისინი. http://sknews.ge/index.php?newsid=28812

„ქართული ოცნება“

წინასაარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთის ოლქებში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. რამდენიმე დღით ადრე ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში პარტიამ მაჟორიტარად ანტონ ობოლაშვილი დაასახელა, ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში კი სამველ მანუკიანი.
ობოლაშვილის პლაკატები ახალციხეში ბილობორდებზე აგვისტოში გააკრეს. დაკომლექტებულია შტაბებიც. 2020 წლის არჩევნებისთვის ახალციხის შტაბს ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი გიორგი კოპაძე ხელმძღვანელობს, აღმასრულებელი მდივანი კი გიორგი გვარამაძეა.

„ოცნების“ კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. ობოლაშვილი ბორჯომის, ადიგენის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში შეხვედრებს თითქმის ყოველდღიურად მართავს. რაც შეეხება სამველ მანუკიანს, მან კამპანია სოფლების კარწახისა და ფილიპოვკის მოსახლეობასთან შეხვედრით, 1-ელ სექტემბერს დაიწყო.

„ევროპული საქართველო“

სამცხე-ჯავახეთში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟრიტარობის კანდიდატები სხვადასხვა დროს დაასახელა. ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში გამარჯვებისთვის არსენ კარაპეტიანი იბრძოლებს. იგი ოფიცილურად სამ აგვისტოს წარადგინეს. საარჩევნო კამპანიაც ჯავახეთში აგვისტოდან დაიწყო. ამავე წარდგენისას ახალციხის-ადიგენის-ასპინძისა და ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებიათ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამავე ოლქში „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომელიც ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო.

მერაბიშვილმა მაჟორიტარობაზე უარი სწორედ სამ აგვისტოს, დილით განაცხადა. შესაბამისად, „ევროპელებმა“ საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტეს. მანამდე კი „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბი რამდენიმე თანამშრომლემა, მათ შორის შტაბის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ დატოვა.

ადგილობრივ ორგანიზაციას სათავეში ყოფილი პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურა ჩილინგარაშვილი ჩაუდგა. 1-ელ სექტემბერს იგი პარტიამ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელა.

დააყენებენ თუ არა რეგიონში სხვა პოლიტიკური პარტიები საკუთარ მაჟორიტარობის კანიდატებს ცნობილი არ არის.

ამ ეტაპზე ცესკოს რეგისტრაციისთვის 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. დანარჩენ, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარისთვის მიმართვა 4 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამავე პერიოდამდე შეუძლიათ, რეგისტრაცია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც.