სოფელ ყარაჯალარში საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა

515

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა, – ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. რწმუნებულის განცხადებით, კარანტინის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის მიღებული.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინე რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის განცხადებით, სოფლის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია იქ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ ადგილობრივებმა საკარანტინე რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქციები გამართეს.

„მოსახლეობასთან ჩვენ არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ძალიან დატვირთულ რეჟიმში შრომობდნენ, ყველა უწყებას და რა თქმა უნდა, პოლიციის შემადგენლობას, ვინც აქ საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. ბოლო 24 საათში 882 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, ბოლო დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე სივრცეში დაფიქსირდა. ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა პრევენციული სამუშაო ჩატარებულია და ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე სოფელში აღარ არის. სწორედ ეს გახდა მიზეზი საკარანტინე რეჟიმის მოხსნის“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში დღემდე 3 600-ზე მეტი საკვლევი მასალა იქნა აღებული პისიარ ტესტირებისთვის. ყარაჯალარში კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული.

სოფელი ყარაჯალარი ეპიდემიოლოგების რჩევით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.