უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
„სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელშიინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.