ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი

562

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს.

„ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს… პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, მას მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით დაურეკეს, იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა,რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში მეორე ზარი, უკვე „ვოცაფის“ მეშვეობით განხორციელდა, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. მკოიანს მიაჩნია, რომ შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო ასეთი – „ეი ოლიგარქ, ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადოო“. მათ მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა მას. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავ, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო… როგორც ბანტონი ენზელი ამბობს, ორივე საუბრობდა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით. ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მის მიმართ დღისით განხორციელდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, მას 3-ჯერ ესროლეს დამიზნებით, ის პოლიციელების ჩართვით გადარჩა, მან საკუთარი თვალით შეხედა სიკვდილს. თვეების განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მას ადანაშაულებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

ეს ადამიანი, მისი ოჯახი დასტრესილია, მისი მეუღლე წამლებს სვამს და ახლა ეს მუქარის ფაქტიც დაემატა. წარმოიდგინეთ, პირველ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, მეორე შემთხვევაში -სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან“, – აცხადებს მურმანიშვილი.

მისივე განმარტებით, მკოიანი ითხოვს, აღნიშნული ფაქტი არა რეგიონულმა პოლიციამ, არამედ გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს.

„თავიდან გაოგნებული, შეშინებული იყო, შემდეგ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე. რატომღაც ეს ჩვენი განცხადება რეგიონული პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მუქარა განხორციელებულია საქართველოს პარლამენტის წევრზე, შესაბამისად, რეგიონულმა პოლიციამ ეს არ უნდა გამოიძიოს, ჩვენ გვსურს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოიძიოს.

არამარტო ენზელ მკოიანია ძალიან შეშინებული, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, ამ პიროვნებას მარტო არსად არ უშვებენ, დაყვებიან, ვერ შორდებიან. ამის გამო ენზელმა მთხოვა განცხადება გამეკეთებინა და ის საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ელჩს მიმართვს, რომ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს. ის ითხოვს ამერიკის ელჩთან შეხვედრას“, – განაცხადა მურმანიშვილმა.