საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილის მოასფალტება დაიწყო. ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. უწყების ცნობით, ასფალტის დაგება შქმერის მიმართულებით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 22018 წელს დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები როგორც საჩხერის, ისე ონის მუნიციპალიტეტების მხრიდან მიმდინარეობს. ახალი გზა, დაახლოებით, 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. ის საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, ის შეუერთდება ამბროლაური-ონის არსებულ გზას, რომელიც ონიდან 5 კილომეტრით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ: როგორი იქნება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა
ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სხვადასხვა მონაკვეთი ეტაპობრივად გაიხსნება, მშენებლობა კი, საბოლოოდ, 2021 წელს დასრულდება.