საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” განახორციელებს, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH გასწევს. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს გზის პროექტირებასაც.
როგორც droa.ge-ს IGH-ში განუცხადეს, პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მარშრუტი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი, რათა ერთდროულად დაპროექტდეს რამდენიმე მონაკვეთი და შესაბამისად, ერთდროულად დაიწყოს მათი მშენებლობა. საპროექტო სამუშაოების დასრულებას კი კომპანია 2018 წლის ივნისისთვის აპირებს.
“ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის დაპროექტებემდე „Institute IGH“-ის საქართველოს ფილიალმა მცირეძრავიანი თვითმფრინავის გამოყენებით, უახლესი, ლიდარის სისტემის სკანირებით განახორციელა მთლიანი მარშრუტის ტოპოგეოდეზიური გადაღება, აგრეთვე, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების გამოვლენა-დაფიქსირების მიზნით, ჩაატარა კვლევა, მოამზადა გეოლოგიური და ჰიდროლოგიური შესწავლის ანგარიშები და თანამედროვე პროგრამების გამოყენებით დააპროექტა ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა”, – ამბობენ კომპანიაში.
საჩხერე-ონის ახალი, 55,7 კმ-იანი საავტომობილო გზა ასფალტის იქნება. პროექტის მიხედვით, საჩხერის მიმართულებიდან 5.7 კმ სიგრძის არსებული გზას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება, აშენდება 35 კმ სიგრძის ახალი გზა და, აგრეთვე, რეაბილიტირდება შქმერიდან ონისკენ მიმავალი 15 კმ-იანი გზის მონაკვეთი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 9 ხიდის მშენებლობა.
არსებული ინფორმაციით, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზ გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას.
ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს კი თითქმის 2 საათით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.