ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გარდაბანში დადასტურდა.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევა საკარანტინო სივრცეშია გამოვლენილი, რაც სანუგეშოა.
„გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ სანუგეშო ის არის, რომ ოთხივე ფაქტი არის საკარანტინე სივრცეში გამოვლენილი, ანუ მოქალაქეები არიან დაცულ, იზოლირებულ გარემოში. იქ ეპიდემიოლოგები დღემდე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. არის გარკვეული კონტიგენტი ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში და საინკუბაციო ვადები გადის. გუშინ 20-ზე მეტი ასეთი ადამიანი შემოწმდა და ყველას პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
ამასთან, როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, სურსათს ურიგებენ.
მისივე თქმით, პროცესში წითელი ჯვრის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული.
„წითელი ჯვარი ძალიან აქტიურად გვიდგას მხარში სურსათის დარიგების პროცეში. გუშინ ნაწილი, 85 სასურსათო ნობათი გაიცა ადგილობრივ მოსახლეობაზე და დღესაც გრძელდება ეს აქტივობა. უახლოეს პერიოდში მსგავსი აქტივობა კვლავ გვექნება ორგანიზებული, რათა მათ, ვინც სიდუხჭირეს განიცდის, დახმარება აღმოვუჩინოთ“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.
ამასთან, როგორც რეხვიაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტიდან ბაზრებზე პროდუქტის გატანა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ამ კუთხით მოსახლეობის აქტივობა მაღალი არ არის.
„რაც შეეხება პროდუქტის გატანას, ჩვენ ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ, მეორე დღესვე გავედით მათივე ტრანსპორტით. ველოდით, სულ მცირე, სამარშრუტო ტაქსების ათი ეკიპაჟი მაინც იქნებოდა საჭირო სამუშაოს განსახორციელებლად, მაგრამ აქტივობა არ იყო და დაახლოებით 2-3 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში. თუ იქნება სურვილი, ჩვენ უზრუნველვყოფთ ისევე როგორც წინა დღეებში, ტესტირებას და გარანტირებულად, ისე რომ დაავადების გავრცელება არ მოხდეს სხვა ტერიტორიებზე და დედაქალაქში, მოსახლეობის პროდუქციის გატანის სამუშაოებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1206, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 987, გარდაცვლილია – 17.