„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პროცესში სასულიერო პირის ჩარევადაა შეფასებული.
„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია“, – წერია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.
ISFED რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.
ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზაურ დარგალის კანდიდატურა უნდა გაიწვიოს.
მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.
16 ივლისს, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის მიმდებარედ, ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით აქციაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი იყო.