მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) გამოდის ინიციატივით, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის მაგივრად ხუდიასა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგას. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მე გავაკეთე ჩემი ქადაგება და ვთქვი სიტყვა, მაგრამ აზერბაიჯანელ თემს, ჩვენს თანამემამულეებს, დამახინჯებულად მიეწოდა ჩემი ქადაგებიდან ამოგლეჯილი კონტექსტები, რომ თითქოს, რახან ის იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ამიტომ მინდა ძეგლის აღება. არა ბატონო, ახლა მე გამოვდივარ ინიციატივით, მივმართავ ჩვენს თვალსაჩინო საზოგადოების წევრება, როგორც ქართველებს, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, რომ დავდგათ ჩვენი ეროვნული გმირის ძეგლი,“ – ამბობს ეპისკოპოსი გიორგი.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებით, ხუდია ასპინძის ომში მხარდამხარ იბრძვოდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორესთან ერთად და მან ასპინძის ომში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როდესაც ჩაჭრა ხიდი და საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის ყველა ჩვენგანის გულში არის ეროვნული გმირი. თუ ჩემს განცხადებას (ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით) ეთნიკურ სარჩულს უდებენ და ნაციონალიზმზე საუბრობენ, აი ახლა გამოვდივარ ინიციატივით და ამ პირსისხლიანი „წითელი“ კომისრის ნაცვლად დაიდგას ხუდია აზერბაიჯანელის და ერეკლე მეორის ერთად ძეგლი, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი სიმბოლო ჩვენი ქართულ-აზერბაიჯანული ძმობისა და ერთობისა,“ – ამბობს ეპისკოპოსი გიორგი.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის თქმით, 24 მაისს, საკვირაო ქადაგებისას მის მიერ ნარიმანოვის ძეგლზე გაკეთებული განცხადება მედიასაშუალებების მიერ დამახინჯებულად გაშუქდა. ამბობს, რომ მას ეთნიკურ ნიადაგზე განცხადებები არ გაუკეთებია და მხოლოდ საქართველოს მტრის, წითელი არმიის ერთ-ერთი ლიდერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოითხოვა.
რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულის მერი უკვე 10 დღეა არ პასუხობს. კითხვაზე, თუ რას უნდა უკავშირდებოდეს მარნეულის მერის დუმილი ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით, მეუფე გიორგი გვპასუხობს, რომ მისი დუმილი ნიშნავს, რომ მისი ქმედება არაკანონიერი იყო. ფიქრობს, რომ მერმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ახლა ის შეცდომა უნდა გამოასწოროს.