მარნეულის მერიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გამო შეიკრიბნენ. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე სასულიერო პირები, მათ შორისაა ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), რომელმაც მარნეულის მერს, ზაურ დარგალს ძეგლის ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რადიო მარნეულის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია მარნეულის მერიისაგან ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.
მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.