ეპისკოპოსი გიორგი: “ქართულმა ოცნებამ” ზაურ დარგალის კანდიდატურა უნდა გაიწვიოს

846

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„პიროვნებამ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნებამ რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი და ღირსება შელახა, ასეთი კაცი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მან რა უფლებები უნდა დაიცვას? მან შელახა ჩვენი უფლებები, შეურაცხჰყო ჩვენი ეროვნული ღირსება,“ – ეს განცხადება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) საკვირაო ქადაგებისას, 26 ივლიის გააკეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

რამდენიმე კვირაა, რაც მეუფე გიორგი საკვირაო ქადაგებისას მარნეულში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რაც უშუალოდ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას უკავშირდება. ეპისკოპოსი გიორგი ზაურ დარგალის მაჟორიტარობის წინააღმდეგია.

„ყველას ვეუბნები ესეთ სიტყვას, ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდში, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს, ღვთის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის იქნება თანამონაწილე იმ დანაშაულისა, ის მსახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა – მე ესეთ ადამიანებზე ვიხსნი პასუხისმგებლობას. დაე, მათ ღვთისა და ჩვენი წინაპრების სულების წინაშე ეგოთ პასუხი. მე, როგორც მწყემსი ამ ეპარქიისა, მღვდელთმთავარი ამ ეპარქიისა, ვიხსნი მათზე პასუხისმგებლობას. ესაა ჩემი პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაამცრო ჩვენი ეროვნული ღირსება მარნეულში, რომელმაც დაამცრო მღვდელთმთავარი მართლმდიდებლური ეკლესიისა,“ – ამბობს ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსმა გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები.

„2012 წელს, როდესაც მოხდა ცვლილება, უპირველესი დაპირება სამართლიანობის დაპირება იყო, ეს არის სამართლიანობა? მე ვეკითხები მაგათ. თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია და კანონი. არამც თუ თავზე დაგვახიეს, არამედ ამაზრზენი მეთოდებით დაიწყეს ჩემი დევნა და ამას  პროვპკაციული მეთოდებით  ცდილობენ. პირდაპირ გეუბნებით და ვაცხადებ, თუ ჩემი გაჩერება გინდათ პირდაპირ შეგიძლიათ მესროლოთ ტყვია, მაგრამ არც ტყვია-ისარი მომკლავს, რადგან გეტყვით ჩვენ წინაპართა სიტყვას, რონ, ჩემი ფესვები იმ ქვეყნიდან არის, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა. ვერც ტყვია-ისარი მომკლავს, სანამ იმ უსამართლობა, რაც დღეს ხდება ქვემო ქართლში, არ მოეღება ბოლო“, – ამბობს ეპისკოპოსი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილი წერლის განხილვას საკრებულო სპეციალურად აჭიანურებს.

„წერილის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება და არის ხელოვნურად შეჩერებული. რაც შეეხება ზაურ დარგალს, მან ჩადინა დანაშაული, პირდაპირ ვიძახი. რა თქმა უნდა, ის (ზაურ დარგალი) უნდა იქნას გაწვეული კანდიდატურიდან,“ – უთხრა რადიო „მარნეულს“ მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი).

რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთა დაკავშირებას და მისი პოზიციის გაგებას საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ის ზარებს არ პასუხობს.

მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა. მას მხარდაჭერა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოუცხადეს.

ცნობისთვის, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია მარნეულის მერიისაგან ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.