ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში დევნილებისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

609
მაკეტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

„გარდა დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში დამატებით ხუთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის.

სამუშაოები ითვალისწინებდა სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში და წყალტუბოში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 2000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.