სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს მერიასთან განცხადება გააკეთა, რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მისი და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ შეწყდა, როგორც თავად ირწმუნება უნებართვოდ დაწყებული ბეტონის ქარხნის მშენებლობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში უნებართვოდ და ყველა სანიტარული ნორმის დარღვეით შენდებოდა ცემენტის ქარხანა.
აქტივისტის სიტყვებითვე, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტელეფონით შეატყობინა, რომ დღეს, 30 ივლისს, 9:00 საათზე, კანცელარიაში დახვდებოდა წერილი ქარხნის მშენებლობის შეჩერების შესახებ, რაც ასე არ მოხდა. მანამდე, ერთი დღით ადრე ჯგუშიამ ოფიციალურად მიმართა მერიას მოთხოვნით, რომ შეეჩერებინათ მშენებლობა. მას დღეს დაცვის პოლიციამ არ მისცა ნებართვა მერიის დაარბაზში, მათსავე ტრიბუნასთან გაეკეთებინა განცხადება და ჯგუშიასთან ერთად პოლიციამ დარბაზი დაატოვებინა მედიასაც. მიზეზად განმარტეს, რომ „პოლიტიკური განცხადებებისთვის ადმინისტრაციული შენობის გამოყენება აკრძალულია“. ამის შემდეგ განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა შენობის წინ გააკეთა.
„წუხელ შევხვდი ქარხნის დირექტორს, რუბენ გახარიას მანაც კი გააჟღერა, რომ ველოდებით ჯარიმას, ველოდებით დემონტაჟს და შეჩერებას. სხვათაშორის ძალიან კარგი კაცია. მან თქვა, რომ მესმის თქვენი ბრძოლის და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მოსახლეობის უმეტესობის და მათ პროტესტს დავემორჩილებითო“, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
მისი სიტყვებით, ზუგდიდის მერმა ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და ამიტომაც მიიღეს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება.
მერიის პრესსამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ნებართვა არც გაუციათ. მას შემდეგ კი რაც იქ მიმინარე სამუშაოების შესახებ შეიტყვეს, შესაბამისამა სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება.
ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. განცხადების თანახმად, მათ მიმართა შპს „კოლხეთი ცემენტ-მა“ ცემენტის საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე, სადაც მოხდება საცემენტე ნედლეულის და დანამატების დაფქვა.
კომპანიამ სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ მოამზადა დოკუმენტი (სკოპინგ ანგარიში) საწარმოს ფუნქციონირების შემთხვევაში, მისი გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთოების ზომების შესახებ. (სკოპინგი პროცედურაა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს).
შპს „კოლხეთის ცემენტის“ წარმომადგენელი რუბენ გახარია ამბობს, რომ საწარმოს მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა რადგან შესაბამისი ნებართვის მოლოდინში არიან. გარდა ამისა რუბენ გახარია „ლაივპრესთან“ საუბარში ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობდა დროებით კონსტრუქციის აწყობა, რომლის გადატანაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მისივე სიტყვებით, ტერიტორია სადაც დროებითი ნაგებობა ეწყობოდა შპს-ეს საკუთრებაშია.
„ჩვენ ვაკეთებდით დროებით ნაგებობას და ისიც კი შეგვაჩერებინა მერიამ. ჩვენ პროექტი გაკეთებული გვაქვს, მზად გვაქვს ყველაფერი და უბრალოდ ველოდებით პასუხს. ჩვენთან ყველაფერი შემოწმებულია… გააჩერეთო და ესეც გაჩერებული გვავქს, არადა ჩვენც სესხებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. სამომავლოდ თუ აშენდება, მე დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და გეუბნებით, რომ არავითარი მტვერი არ იქნება. ეს იქნება დახურულ სივრცეში და გვქვს ისეთი წისქვილი, რომელსაც ორ წყებაზე აქვს ფილტრი. იქ ერთი ვინტიც კი არ არის მეორადი“, – აცხადებს რუბენ გახარია.
დღეს, 30 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება სკოპინგ ანგარიშის საჯარო განხილვა. სამინისტრო აანონსებს, რომ მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.