თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდის მერიაში, ცემენტის ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ, განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს

440

“სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიის შენობის ფოიეში იმყოფებოდა, სადაც დამონტაჟებულ ტრიბუნასთან, ჟურნალისტების თანდასწრებით უნდოდა განცხადების გაკეთება, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. ოპერატორები ჟურნალისტები, რომლებაც პროცესის გადაღება სცადეს, გარეთ ძალის გამოყენებით გაუშვეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

თენგიზ ჯგუშიას მოუწოდეს, განცხადება შენობის გარეთ გააკეთოს. “სამეგრელოს ხმის” ლიდერი ამ წუთას შენობის გარეთ და აკეთებს განცხადებას, რომელიც ენგურ-ქაღალდ კომბინატში, მისივე ინფორმაციით ცემენტის ქარხნის მშენებლობას შეეხება.

ზუგდიდის მერიაში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ მედიას არასდროს არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება პრობლემა, უბრალოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის ადმინისტრაციული შენობის გამოყენება აკრძალულია. სწორედ ამიტომ სთხოვეს თენგიზ ჯგუშიას, გარეთ გაეკეთებინა განცხადება.

რაც შეეხება ჩვენს კითხვას, რომ ოპერატორებს პროცესის გადაღების საშუალება არ მისცეს და გარეთ ძალის გამოყენებით გაუშვეს, განმარტეს:

“დაცვამ იცის, თუ როგორი თანამშრომლობა გვაქვს მედიასთან. არამგონია უხეში ფორმებით მოეხდინათ. მაგრამ ვნახავ და თუ რაღაც ისეთია, ამისთვის პირადად მე გიხდით ბოდიშს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, კორექტულად, მშვიდობიანად მოხდეს ყველაფერი”, – აღნიშნეს მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ცემენტის ქარხნის მშენებლობას, რაზეც “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელი საუბრობს, მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა მათი მხრიდან გაცემული არ არის და ამ საკითხზე შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დღეს საჯარო განხილვაც არის დაგეგმილი.