ზუგდიდში 1000-მდე დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

785

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მინიჭებული აქვს მე-4 ან მე-3 კატეგორია, დაიხურება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც 1000-მდე დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე – მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს. მადლობა მინდა, გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლებს აშენებს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ახორციელებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დევნილს დაბრუნებამდე ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, სამი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი ხუთი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.