სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდში ორი პროფესიული სასწავლებელი იქნება. ამის შესახებ მან საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ერთი იქნება ე.წ. შონიას ტექნიკუმი, რომლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებლის აღდგენასაც საინიციატივო ჯგუფის “ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისთვის” ხელმძღვანელი და კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, იზოლდა ხასია წლებია ითხოვს.
“მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების განვითარება. საპროექტო ჯგუფი ჩამოსულია. შესწავლილია უკვე შონიას ყოფილი ტექნიკუმი. ჩვენ ცოტა შეგვიფერხდა ეს პროექტი ვირუსიდან გამომდინარე. თუმცა მას შეუქცევადი ხასიათი ექნება. აუცილებლად გვჭირდება ჩვენ პროფესიული სასწავლებელი ზუგდიდში”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე განმარტებით, ამას გარდა, პროფესიული სასწავლებელი აშენდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზეც. სამუშაოებს სრულად, სახელმწიფო რწმუნებულისვე ინფორმაციით სახელმწიფო აფინანსებს. ტენდერი მშენებლობაზე აგვისტოში გამოცხადდება.
ზუგდიდში პროფესიული საწავლებლი რომ აშენდებოდა, ამის შესახებ განათლების მინისტრმა შარშან, თებერვალში ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის სიტყვებით, ეს იქნება სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი.
მანამდე, კომპანია “მ²-ის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ დადიანების ეზოს სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობის პარარელურად, იღებდნენ სასწავლებლის რეკონსტრუქციის ვალდებულებას.
ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი 2009 წელს გაუქმდა. აქ მოგვიანებით, ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალი განთავსდა, შემდეგ კი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ. მათი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ბინით დააკმაყოფილა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება ალტერნატიულ საცხოვრებელს.