“ფლანგვის დეტექტორი”: “ქართული ოცნების” შემომწირველები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ

731

“ქართული ოცნების” შემომწირველმა შპს “ბეტკომ” 4 მილიონის ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო, 6,5 მილიონის კი – კონკურენტების დისკვალიფიკაციით, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია “ბეტკომ” 2013 წლიდან დღემდე 58 ტენდერი მოიგო. აქედან 16 ტენდერში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე, მიხეილ კირვალიძე, ასევე ახლანდელი მეწილე ვახტანგ მარჯანიძეც.

“როგორც კომპანიის ყოფილი მეწილე მიხეილ კირვალიძე, ასევე ახლანდელი მეწილე ვახტანგ მარჯანიძე “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. 2014 წელს მათ ოცნებას 60-60 ათასი ლარი შესწირეს.

საერთო ჯამში, კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ლარს აჭარბებს. შპს “ბეტკომ” ჯამში 58 ტენდერი მოიგო. აქედან 16 ტენდერში კომპანიამ კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა, 14-ში კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე, ხოლო 28 ტენდერი სწრაფი ფასის კლებითა და დაბალი ფასებით მოიგო.

თავად შპს “ბეტკო” 17 ტენდერიდან არის დისკვალიფიცირებული. ასეთი შემთხვევების უმრავლესობა იმ კომპანიებთან მოხდა, რომლებიც ასევე ოცნების შემომწირველები ან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ასეთებია მაგალითად შპს “ჯ და ჯ”, შპს “დაგი+”, შპს “ბორანი”. ასევე ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის ნათესავია. სავარაუდოა, რომ ხდება ტენდერების გადათამაშება, ოცნებასთან დაახლოებულ კომპანიასა თუ ინდ. მეწარმეებთან,”- წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

კომპანიას 3,832,102 ლარის ღირებულების ისეთი ტენდერი აქვს მოგებული, სადაც კონკურენტი არ ჰყოლია:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გამოცხადებული ტენდერი (NAT19000,0708 ), რომლის ხელშეკრულების თანხა 1,259,999.08 ლარია.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერია (SPA170010026 ), რომლის ხელშეკრულების თანხა 1,202,507.33 ლარია.

3. ტენდერი რომელიც გამოაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა (NAT170008302 ), სახელშეკრულებო თანხა 1,354,620 ლარია. ეს უკანასკნელი ხელშეკრულება შეუსრულებელია, ხოლო მუნიციპალიტეტს თანხის 41% ანუ 558,558 ლარი ჩარიცხული აქვს კომპანიისთვის. პირობების ვერ შესრულების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა.

2019 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა კვლავ გამოაცხადა ტენდერი (NAT190000921), რომელშიც 5 კომპანია მონაწილეობდა და შესყიდვის სავარაუდო ფასი 1,806,580 ლარი იყო. აუქციონი დაატოვებინეს ორ ისეთ კოპანიას, რომელსაც შპს “ბეტკოზე” ნაკლები თანხა ჰქონდა გაწერილი პროექტისთვის, სწორედ ამის გამო “ბეტკო” გახდა ყველაზე ნაკლები (1,595,127.92 ლარი) თანხით მოასპარეზე კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შპს “ბეტკომ” ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვერ მოახერხა უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის (NAT170008302) შესრულება, სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე კვლავ გაიმარჯვა.

შპს “ბეტკოს” ქუთაისის მერიის 13 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. ამ 13 ტენდერიდან, 4 კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო, 2 უკონკურენტოდ, ხოლო 7 ტენდერი საგრძნობლად დაბალი ფასით.

https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2712625039012929